როგორ უნდა დავგეშოთ სანადირო ძაღლი
ვთქვათ, რომ თქვენი ლეკვი უკვე 8-9თვისაა, მან იცის მხოლოდ საყელოზე თასმა წაბმულმა ფეხთან სიარული და დაწოლა თქვენი ნიშნით ან სიტყვით, ჭამა ბრძანების შემდეგ და მცირე რამ. როდესაც პირველად მიგყავთ მინდორში, გაუკეთეთ მას საყელო, აიღეთ თასმა, სასტვენი და ცოტაოდენი მისთვის საყვარელი საჭმელი ჩაიდეთ ჯიბეში. ეცადეთ ლეკვი წაიყვანოთ მინდორში დილით და მშიერი, რადგან ამ დროს ძაღლის სწავლება დაჯილდოვებითა და მოფერებით უფრო ადვილია. საგეშათ ისეთი დღე უნდა შეარჩიოთ, რომ არ იყოს დიდი ყინვა(რაც ყნოსვაზე მოქმედებს), ძლიერი ქარი, დიდი წვიმა და დიდი სიცხე. ეზოდან გამოსვლის დროს ლეკვს წააბით თასმა და უბრძანეთ ”ფეხთან”. იგი მოგდევთ ფეხთან, გზაში ხედავს ჩიტებს და იწევს მათკენ. მოეფერეთ, გადაუსვით თავზე ხელი და უბრძანეთ ”ფეხთან” ამავე დროს თასმით მოსწიეთ უკან, თუ წინ გისწრებთ. გზაში ზედმეტ სიტყვებს ნუ დახარჯავთ და არც დასაჯოთ, რომ მეორედ უფრო ხალისიანად წამოგყვეთ. მინდორში გასვლისას, ამოიღეთ ლეკვისთვის წამოღებული საჭმელი და პატარა ნაწილი დაუდეთ წინ, მიეცით ბრძანება ”დაწე” ან დაწოლის ნიშანი (ხელით ან სასტვენით რაზედაც სახლში გყავთ დაჩვეული). დააწვინეთ , შეხსენით თასმა, მოეფერეთ და უბრძანეთ შეჭამოს საჭმელი. კიდევ მოეფერეთ, შემდეგ დაუსტვინეთ და ანიშნეთ ხელით, რომ მას აქვს უფლება ირბინოს, წაახალისეთ თუ გნებავთ სიტყვითაც. იგი გაიქცა, დარბის მინდორში, დასდევს ჩიტებს, პეპლებს, ფრინველების ჩრდილს, კალიებს და სხვ. დეე ირბინოს, ვიდრე არ დაიღლება. თქვენ კი ეცადეთ, თვალიდან არ დაკარგოთ და ხანდახან კიდეც დაემალეთ. როდესაც შენიშნოთ, რომ თქვენ გაახსენდით, დაიწყეთ სასტვენით სტვენა, იგი თქვენსკენ წამოვა, რადგან მას გაახსენდება სტვენასთან ერთად მიღებული, საჭმელი და ალერსი. აქ კიდევ მოამზადეთ საჭმელი და მოსვლისას დააჯილდოვეთ. როდესაც ლეკვი დაიღლება, წააბით თასმა, უბრძანეთ ”ფეხთან” და დაბრუნდით შინ. თუ გზაში ორღობე შეგხვდათ, მოხსენით ლეკვს თასმა, ჩამოიტოვეთ უკან და წამოდით ძახილით ”უკან-უკან”, ”ფეხთან-ფეხთან” , თქვენს წინ ატრიალეთ თასმა, რომლითაც ლეკვს საშუალებას არ მისცემთ წინ გამოვიდეს. როცა იგი წამოიწევს, მას მოხვდება თასმის წვერი, ან თვით ლეკვი შეუშინდება მის მოძრაობას და აღარ გამოვა წინ. ცოტა ხანი ასე იარეთ, შემდეგ წყნარად მიუბრუნდით, მოუალერსეთ, ეცადეთ დააწვინოთ, კიდევ შეაჭამეთ მისი საყვარელი საჭმელი, წააბით თასმა, უბრძანეთ ”ფეხთან” და წამოიყვანეთ სახლში. რამოდენიმე დღე ასე ატარეთ ლეკვი მინდორში და გაიმეორეთ ერთიდაიგივე. თუ ფრინველი არის, ლეკვი რამოდენიმე დღის შემდეგ უსათუოდ გააკეთებს ნაბულს. ნაბულზე აფრენილ ფრინველს ლეკვი ხალისით მისდევს. თქვენ მარტო დენთით დატენილი ვაზნა ჩასდეთ თოფში და გაისროლეთ, რომ ლეკვი თოფის ხმას შეაჩვიოთ. ეცადეთ, პირველად თოფი მაშინ ისროლოთ, როცა ლეკვი შორს არის და ფრინველს მისდევს. თუ იგი თოფის სროლაზე შეჩერდა, დაუსტვინეთ და ეცადეთ მოვიდეს თქვენთან. მოსვლისთანავე მოეფერეთ და დააჯილდოვეთ. ორ-სამ დღეს ასეთი გაკვეთილი საკმარისია თოფის ხმის შესაჩვევად, ზოგს კი ესეც არ სჭირდება. თქვენი მოწაფე უკვე შეეჩვია ნაბულს. ახლა საჭიროა ფრინველი ააფრინოს თქვენს ბრძანებაზე და არა თავისი სურვილით. როგორც კი ლეკვი ნაბულზე დადგება, ნელა მიუახლოვდებით მას(არა უახლოს სამი ოთხი ნაბიჯისა) და უბრძანებთ ”წინ” , ძაღლი წინ წაიწევს და აგიფრენთ ფრინველს. თუ იგი არ მიდის წინ, ეცადეთ მოექცეთ გვერდიდან, ისე რომ ძაღლმა შემოგხედოთ და ხელის გაქნევით მიაძახეთ ”წინ”. რასაკვირველია, კარგია, თუ ამას, ე.ი. ბრძანებას ”წინ” შეაჩვევთ ლეკვობაში, მაშინ, როდესაც აჭმევთ საჭმელს. როდესაც თქვენი მოწაფე შეეჩვია ბრძანებით ნაბულიდან წინ წასვლას, ფრინველის აფრენას და სროლის ხმას, გადადიხართ შემდეგ გაკვეთილზე. ლეკვი ნაბულზე რომ არის მიდით მასთან წყნარად, მიეფერეთ, წააბით თასმა საყელოზე, უბრძანეთ წინ წავიდეს და როდესაც თქვენს ხმაზე, ან ლეკვის მიახლოვებაზე ფრინველი აფრინდება, ლეკვი თასმით შეაკავეთ, ეცადეთ დააწვინოთ(ეს უნდა გააკეთოთ მოფერებით). თუ დაწვა ან დარჩა ერთ ადგილზე , დააჯილდოვეთ. თუ რამოდენიმე ასეთი გაკვეთილის შემდეგ მაინც იწევს გამოსაკიდებლად, მაშინ წინ გაწევის დროს პატარ წკეპლით ან მათრახით დასაჯეთ და უბრძანეთ დაწვეს. ორ-სამ დღეს ასე მოექეცით და თან ფრინველის აფრენის დროს აუცილებლად ისროლეთ თოფი, რასაც უნდა მოჰყვეს ძაღლის დაწვენა ან საერთოდ ადგილზე დარჩენა. თუ თქვენმა მოწაფემ მაინც სცადა გამოკიდება, მას შემდეგ რაც მას ასწავლეთ, დაიჭირეთ, მიიყვანეთ იმ ადგილზე საიდანაც ფრინველი აფრინდა, დააწვინეთ, ერთ-ორი წკეპლის დარტყმით დასაჯეთ, ძახილით ”დაწე”, ”ფუ-ფუ”(სიტყვა ”ფუ” ნიშნავს ”ნუ იზამ” ”ცუდია”-ს) თუ არ გამოეკიდა, მაშინ კი აუცილებლად დააჯილდოვეთ. თუ თქვენი მოწაფე ზემოთ ნაჩევნებ გაკვეთილებს გისრულებთ, იგი უკვე მომზადებულიალ ახლა უნდა ეცადოთ, მინდორში ძაღლი ატაროთ ისე, რომ ქარი(სიო) თქვენ გხვდებოდეთ სახეში და ძაღლი კი დარბოდეს, თვენს მარჯვნივ და მარცხნივ ისე, რომ მისი მსვლელობის ხაზი, პერპენდიკულარულად კვეთდეს ქარის მოძრაობის ხაზს. ეცადეთ თქვენს მოწაფეს კარგად ჩაუნერგოთ სტვენაზე მობრუნება, თქვენთან მოსვლა ხელის მითითებით, ან სიტყვით, წასვლა იმ მიმართულებით საითკენაც გსურთ. თუ მუდმივად ასეთი წესით ატარებთ ძაღლს, უმეტეს შემთხვევაში ის იწყებს სწორი პარალელებით თქვენს წინ მუშაობას. თუ ამას თვითონ ვერ ეჩვევა, მაშინ წააბით საყელოზე გრძელი თოკი, დაახლოებით 6-8 მეტრი სიგრძისა, თოკის მეორე წვერი დაიჭირეთ ხელში, როდესაც თქვენ უკვე ქარის პირდაპირ დგეხართ, დააწვინეთ, გაიარეთ რამდენიმე ნაბიჯი ძაღლისთვის არჩეული მსვლელობის ხაზზე, გაჩერდით და ხელის ჩვენებით გაგზავნეთ, მარჯვნივ ან მარცხნივ, ისე, რომ ძაღლმა თქვენს წინ გაირბინოს. რასაკვირველია თქვენი მოწაფე სწრაფად გაიქცევა, თქვენი თოკის სიგრძე მანძილს არ ეყოფა და რადგან თოკის მეორე წვერს თქვენ ხელს არ გაუშვებთ, იგი მას შეაჩერებს. ამ მომენტში უნდა მოასწროთ და დაუსტვინოთ. იგი თქვენსკენ წამოვა გაკვირვებული, ხელის ჩვენებით გაგზავნეთ ახლა იმ მხარეს, საიდანაც იწყო მსვლელობა. როგორც კი თქვენ გაგცდებათ, მაშინვე წინ წაიწიეთ რამდენიმე ნაბიჯით, თოკს დაჭიმავს თუ არა დაუსტვინეთ, იგი ისევ მობრუნდებამ, მოეფერეთ და ისევ გაგზავნეთ მეორე მხარეს. ასე ატარეთ, პირველ დღეს 15-20 წუთი, მეორე დღეს კიდევ გაუმეორეთ და შემდეგ დღეებში თოკს სულ გაუშვით ხელი, ან შეხსენით კიდეც, თუ შენიშნეთ, რომ იგი თქვენს დასტვენაზე იცვლის მიმართულებას. ამგვარად, დასტვენით და საჭიროების დროს თოკის საშუალებით ასწავლით სწორე სვლას. დაჯილდოვებას აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს. დასტვენით მობრუნებას, ძაღლის თქვენთან მოსვლას, უკავია პირველი ადგილი გეშვაში, რადგან ძაღლში იქმნება ერთგვარი დისციპლინა და იგი ამის შემდეგ, თვითონ ცდილობს შეგისრულოთ ის რაც თქვენ გსურთ.
რას მოითხოვს საველე გამოცდები??
ა) ძაღლმა იცოდეს ფეხთან სიარული. ბ) დაწოლა ნიშნით ან ბრძანებით. გ) ძებნა თქვენი მითითებით. დ) ნაბულიდან თქვენი ბრძანებით წინ წაწევა და ფრინველის აფრენა. ე) არ გამოეკიდოს აფრენილ ფრინველს. ძაღლის გეშვა საუკეთესოა შემდეგ ფრინველებზე: ჭყიამპოზე, ჭოვილოზე, გარშნეპზე, და თუ ეს ფრინველები არ არის, მაშინ მწყერზედ. არასოდეს ამუშავოთ ძაღლი წყალში მოცურავე ფრინველებზე(იხვზე, ბატზე და სხვა). ასეთია მოკლედ ის რჩევები, რომელიც შეგვიძლია მივცეთ თითოეულ მონადირეს, რომლესაც სურს თვითონ დაგეშოს თავისი ძაღლი და საველე გამოცდებზე შეამოწმოს მისი ღირსებები. როგორც ვხედავთ, ყოველივე ეს არც ისე ძნელი საქმეა, როგორც ამას ხშირად აზვიადებენ, ზოგიერთი ჩვენი მონადირეები. ვისაც პრქატიკულად სურს ნახოს, თუ როგორ იგეშება ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, მას შეუძლია ჩავიდეს სოფ. მუხრანში(მცხეთის რაიონი) მონადირეთა კავშირის ძაღლთსაგეშ პუნქტში, სადაც მას ყველაფერს დაწვრილებით გააცნობენ და აჩვენებენ.
ლ.ციციშვილი
ჟურნალი ”ნადირობა” 1940წ.
No comments:
Post a Comment